18/10/2019
ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“
ფარგლებში მიმდინარე „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ეგიდით 18 ოქტომბერს სასტუმრო რუმსში გაიმართა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების (AML/CFT) საქართველოს ეროვნული რისკების შეფასების ანგარიშის პროექტის პრეზენტაცია.
რისკების შეფასების ანგარიშის პროექტი მომზადდა FATF-ის სტანდარტების შესაბამისად და საზღვარგარეთის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით. ანგარიშის მიზანია საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ანალიზი, მათი შეფასება; ქვეყანაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებზე საჯარო და კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლება. ანგარიშის ძირითადი მიგნებები ხელს შეუწყობს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ რისკების პროპორციულად, პრიორიტეტების განსაზღვრას და რესურსების სათანადო განაწილებას. ანგარიშში მოცემული ინფორმაცია დაეხმარება ფინანსურ და არაფინანსურ ინსტიტუტებს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ვალერიან ხასაშვილმა.